ჩვენ უკვე 3 წლის ვართ

September 15, 2017

ზუსტად ამ დღეს, 3 წლის წინ, ჩვენმა პატარა გუნდმა დიდი მიზნისკენ, პირველი ნაბიჯი გადადგა და თბილიში პირველი “Ride Sharing” აპლიკაცია გაუშვა. მაშინ ჩვენს არსენალში მხოლოდ სამი რამ იყო, ენთუზიაზმი, ამბიციური მიზანი რომ შეგვეცვალა გადაადგილების კულტურა თბილისში, და “გამხვნევება”. ჩვენი ყველა დროის ფავორიტი გამხნევება: “ტაქსისტებს სტალინმა ვერაფერი მოუხერხა და თქვენ რას უზავთ” :).

ბევრი თვალსაზრისით, ეს მართლაც გიჟური იდეა იყო, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გზის გაკვალვას საჭიროებდა, რადგან თბილისში მსგავსი არაფერი არსებობდა. ჩვენ უნდა, დაგვერწმუნებინა მთელი ქალაქი, რომ აპლიკაციაში, ღილაკზე თითის დაჭერით რეალურ ავტომობილს გამოიძახებდა. უნდა გვეჩვენებინა, რომ სახლიდან ან სამსახურიდან გაუსვლელად მძღოლის გამოძახება ბევრად უფრო კომფორტული იყო, ვიდრე ტაქსის ქუჩაში გაჩერება. ჩვენ გვჯეროდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მალევე მიხვდებოდა აპლიკაციის მთავარ ღირებულებას – ნაცვლად დისპეჩერთან დამღლელი ზარებისა, გაცილებით მოსახერხებელი იქნებოდა სმარტფონში დაკვირვება თუ როგორ მოემართება გამოძახებული ავტომობილი. ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა, პარტნიორი მძღოლების ტრეინინგი იყო, ჩვენ უნდა გვესწავლებინა პარტნიორი მძღოლებისთვის ნაგვიგაციის სწორად გამოყენება რათა მგზავრთან დარეკვის გარეშე შეძლებოდათ დანიშნულების ადგილზე მისვლა.

დასაწყისი მოკრძალებული იყო. დღეში რამდენიმე შეკვეთის შესრულება თავადაც გვიწევდა. ჩვენ ვამოწმებდით თითოეულ შეკვეთას, ვკითხულობდით თითოეულ კომენტარს და ვაკეთებდით მაქსიმუმს, რათა მგზავრებს მიეღოთ პოზიტიური გამოცდილება. მას შემდეგ, ჩვენ მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ უსაფრთხოდ. დღეს, როგორც თავდაპირველად, კვლავ ყურადღებით ვეცნობით თითოეულ მიღებულ შეფასებას. მომსახურების მაღალი ხარისხი ხომ ტაქსიფაის გენეტიკურ კოდშია.

სამი წლის მანძილზე, ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ. დღეში ერთი შეკვეთიდან ათასობით გამოძახებამდე. თუმცა, ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება საიდან მოვდივართ,გვინდა მადლობა გადაგიხადოთმუდმივად გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით კი ერთგულ მგზავრებს, რომლებიც დაარსების დღიდან სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით. ასევე ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ ხარისხიანი მომსახურების მისაწოდებლად. ჩვენ ერთად ვცვლით ქალაქში გადაადგილების კულტურას.

რა იქნება შემდეგ? დიდი პროგრესის მიუხედავად, სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა. ვიცით, რომ ზოგჯერ, პიკის საათში ძნელია თავისუფალი ავტომობილის მოძიება და გაზრდილი მოთხოვნის გამო ზოგჯერ ჩვეული ტარიფი იმატებს. თუმცა, მთელი გუნდი აქტიურად მუშაობს ამ და სხვა საკითხების მოსაგვარებლად, რათა მიიღოთ საუკეთესო გამოცდილება.

ამ პროცესში თქვენც შეგიძლიათ წვლილის შეტანა. კვლავ დაგვიტოვეთ კომენტარი მგზავრობის დასრულების შემდგომ, გვითხარით რას ფიქრობთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, ჩვენ ყურადღებით გავეცნობით თითოეულ მიღებულ შეტყობინებას და ვიმოქმედებთ შესაბამისად.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და კეთილი მგზავრობა.